პატრიარქმა ბათუმის სასტუმროში გუშინ გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადანოემბერი 25, 2017

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  სასულიერო პირებთან ერთად ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სასტუმრო „ლეოგრანდთან“ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი.

”მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიის სახელით და პირველად ჩემი სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ამ დროისთვის საავადმყოფოში მოთავსებულია რვა პაციენტი.

დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის.