მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ოქროპირს იხსენებსნოემბერი 26, 2017

26 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს იოანე ოქროპირის ხსენების დღეს.

წმინდა იოანე ოქროპირი მართლმადიდებელი ეკლესიის სამიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმანათლებელია ბასილი დიდისა და გრიგორი ღვთისმეტყველთან ერთად.

წმინდა იოანე 347 წელს ანტიოქიაში დაიბადა.

წმინდანი ცნობილ და საუკეთესო ფილოსოფოსებთან და რიტორებთან სწავლობდა. 18 წლის ასაკში ის ათენში სწავლის დასასრულებლად გაემგზავრა, უკან დაბრუნებული მოინათლა, სამი წლის შემდეგ კი ეკლესიაში მკითხველად დაადგინეს. ის იყო პრესვიტერების – ფლაბიანესა და დიოდორე ტარსელის მოსწავლე, რომელმაც ბიბლიის თითქმის ყველა წიგნის განმარტება დაწერა.

დედის გარდაცვალების შემდეგ, იოანე ბერად აღიკვეცა და ოთხი წელი უდაბნოში გაატარა, მათ შორის ორი წელი მდუმარებაში. თუმცა, ასეთ მკაცრ ასკეტიზმს ვერ გაუძლო, დასნეულდა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც მას ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად.

ის საუცხოო მქადაგებელი აღმოჩნდა, რის გამოც მას „ოქროპირი“ უწოდეს. ის თორმეტი წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ ქადაგებდა ტაძარში. ამ დროის მანძილზე წმინდა წერილის განმარტება დაწერა და უამრავი საუბარი სხვადასხვა ბიბლიურ ტექსტზე, შეგონებები დღესასწაულების შესახებ, წმინდანთა ქება და აპოლოგეტური ტექსტები.

მისი ნაშრომები ქრისტიანული ლიტერატურის კლასიკად იქცა. 397 წელს ის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის გამოთავისუფლებულ კათედრაზე აღამაღლეს. იმ დროისთვის ის 50 წელზე მეტის იყო.

მოღვაწეობა, ამ ხარისხში, მან სასულიერო პირთა სულიერი სრულყოფილების და მოქიშპე ეპისკოპოსების შერიგებით დაიწყო, ხოლო მთავარეპისკოპოსისთვის განკუთვნილ სახსრებს რამდენიმე საავადმყოფოსა და მომლოცველებისთვის განკუთვნილ სასტუმროზე ხარჯავდა.

მან დაწერა საღვთისმსახურო წიგნები – შეადგინა საკუთარი ლიტურგია, გამოცდილ მქადაგებლებს გზავნიდა კელტებთან, სკიფებთან, სლავებთან და გოთებთან. ებრძოდა ერესებს.

დედაქალაქში არსებული ზნეობითი აღვირახსნილობა, განსაკუთრებით საიმპერატორო კარზე, წმინდა იოანეს მკაცრი მხილების საგანი გახდა, რის გამოც იმპერატორ არკადის მეუღლის – ევდოქსიას რისხვა დაიმსახურა. ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის თეოფილეს დახმარებით, ევდოქსიამ 403 წელს იოანე ოქროპირი ცრუ ბრალდებით გაასამართლა, რის გამოც ის ქვეყნიდან გააძევეს. 404 წელს ევდოქსია გარდაიცვალა, იოანე კი, რომელიც გადასახლებით სომხეთში იმყოფებოდა, ანუგეშებდა თავის მიმდევრებს. ორი წლის განმავლობაში მან უამრავი წერილი მიწერა აზიის, აფრიკის და ევროპის ეპისკოპოსებს. ასევე მეგობრებს კონსტანტინოპოლში. მისი მტრები არ ისვენებდნენ და მასთან დაკავშირებით მისული ბრძანების საფუძველზე, დრევანდელ საქართველოში, აფხაზეთში გადასახლება მიუსაჯეს. ის ქალაქ კომანში გარდაიცვალა. ევდოქსიას შვილის თეოდოსე მეორის დროს, იოანე ოქროპირი 438 წელს კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და დღეისთვის სტამბოლში წმინდა გრიგორის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.