დეკანოზი ანდრია კემულარია – უფალი გვასწავლის ტკივილის ენით, რადგან რწმენის, სიყვარულის ენა თითქმის არ გვესმისნოემბერი 27, 2017

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია კემულარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ბათუმის სასტუმროში 11 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ეხება:

“ყოველ მოვლენას, ტკივილიანსა თუ სასიხარულოს თავისი მიზანი აქვს.
მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას [იესუს] გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჴმს? გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარსწყმდეთ.“ (ლკ.13:1-5)
როცა დიდი უბედურება ხდება, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რატომ? ვიღაც ადამიანებს ადანაშაულებს, ვიღაც ბუნებას, ვიღაც შემთხვევითობას მიაწერს. შეუძლებელია არ გეტკინოს, როცა აცნობიერებ ტკივილს მშობლისა, შვილისა, და-ძმისა, მეუღლისა. როგორ არ გეტკინება, როცა წარმოიდგენ ადამიანს, განწირულობაში მყოფს, რომელსაც დრო შეეკუმშა?! 
არ შეუქმნია ღმერთს ტკივილი, ხრწნა, სიკვდილი; ცოდვამ შემოიტანა ეს ყოველი. მაგრამ, როცა ხდება მასობრივი ტრაგიკული დაყუპვა ადამიანებისა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ამ ადმიანების პიროვნული ცოდვის საზღაურია. უფალიც სწორედ ამას გვასწავლის: „ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანამდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალიმს? გეტყჳ თქუენ: არა“. აქვე გვიცხადებს მიზეზს: „უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარწყმდეთ“. ეს არის ის უმთავრესი, რასაც გვასწავლის უფალი, მისია, რომელიც აქვს განსაცდელს. გვასწავლის ტკივილის ენით, რადგან სხვა – რწმენის, სიყვარულის ენა თითქმის არ გვესმის. მიყავს უკეთესები, უმოკლებს დღეებს, განარიდებს წუთისოფელს, რათა არ გაისვარონ იმ გარემოში, რომელსაც ვქმნით ჩვენი ცოდვებით, უკეთურებით, გვიტოვებს ტკივილს გამოსაღვიძებლად. მიყავს ერთი, რათა გაიღვიძოს ათასმა და კვლავ გვიმეორებს: „უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარწყმდეთ“.

ვიძინებთ და თითქმის არ ვფიქრობთ, რომ შეიძლება არ გაგვითენდეს; მივდივართ სადღაც და არ გვეფიქრება, რომ შეიძლება ვერც კი დავბრუნდეთ; ვკლავთ დროს უდებებით და დრო გვკლავს ჩვენ, გვაქცევს უნაყოფოდ. მაგრამ, დროდადრო ირღვევა ჟამთა ჩვეული სვლა და ხდება ისეთი რამ, რაც გაფხიზლებს და გეფიქრება: იქნებ, მეც ვერ დავბრუნდე, იქნებ ეს ბოლო დღეა, რითი წარვდგები, რითი გავმართლდე?! „ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო“ (ზირაქ. 7,39) ბედნიერია ადამიანი, რომელსაც ეს ახსოვს. და, როცა გვავიწყდება, გვახსენებს უფალი.
„არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან“ (ლკ.12:7), – ბრძანებს მაცხოვარი. ღერი თმისა არ ჩამოვარდება ადმიანის ღმრთის დაშვების გარეშე. ნება ღმრთისა არის ყოველთა განწმედა, სიხარულის მონიჭება, ცხოვნება და საუკუნო ნეტარებაში განსვენება. მაგრამ, როცა ვყრუვდებით, არ ვუტოვებთ განგებულების გამოვლენის სხვა გზას, გარდა ტკივილისა.
დღეს ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში სიბილწის, გარყვნის, დაცემის სული მეფობს. ინგრევა ყოველივე ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე შენდებოდა ქრისტეანული საქართველო, რითიც იყო ფასეული ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, იმატებს განსაცდელებიც. ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ვქმნით და ჩვენვე არ გვესმის. უფალმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა.
კაცთმოყვარებით განუსვენოს უფალმა მათ სულებს, ვისაც ასე ტრაგიკულად შეუმოკლდა მიწიერი ცხოვრება.