ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურებანოემბერი 28, 2017

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 25 ნოემბრის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება. მეუფის განცხადების თანახმად, პატრიარქის მოსაყდრის თემაზე სიუჟეტში მის მიერ ნათქვამი არასწორად არის ინტერპრეტირებული. მეუფე გრიგოლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2017 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის საღმრთო ლიტურგიის დაწყების წინ, საქართველოს ეკლესიის მრევლს და სრულიად საქართველოს პირადად, საჯაროდ ამცნო, რომ მიიღო
გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დადგინების შესახებ, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც წმიდა სინოდის წევრთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ამა წლის 25 ნოემბერს, თავის ეთერში გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც წმინდა სინოდის რამდენიმე წევრის პოზიცია/შეხედულებებია დაფიქსირებული კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. ამ სიუჟეტში არასწორად არის ინტერპრეტირებული ჩემ მიერ გამოთქმული პოზიცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. იმისათვის, რომ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი სწორად იქნეს ინფორმირებული ჩემი პოზიციის შესახებ, საჭიროდ ჩავთვალე განმარტების გაკეთება ზემოთ მითითებული ინტერვიუს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით:

(1) თავისუფალი იყო თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ ჩნდება ეს კითხვა? ამ კითხვას ბადებს აღნიშნული მოვლენის მოულოდნელი ხასიათი! ქართულ სახელმწიფოს, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიას მეტისმეტად რთული გარე და შიდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფაქტორების პირობებში უწევს ცხოვრება და არსებობა. ამის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, რომ სინოდის წევრებს თვით სინოდის სხდომაზე მოესმინათ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც საფუძველშივე გაფანტავდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების თანმხლები ბუნდოვანება კი უკავშირდება სამართლებრივ-კანონიკური ურთიერთობების საკითხს მოსაყდრესა და მღვდელმთავრებს შორის, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებას სასურველია ახლდეს ან უმალ მოჰყვეს რეგლამენტი, თუ დამატებით რა უფლებამოსილებით აღიჭურვა (ან აღიჭურვება სამომავლოდ!) კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თვით კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პირობებში.

(2) აქვე მივუთითებთ იმ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვარაუდი გამოვთქვით. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან და მისი საჯარო გავრცელების ფორმიდან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი დარჩა გადაწყვეტილების განხორციელების პროცედურა, თუმცა ჩვენ ამით თავად გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.

(3) კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევა-დადგინება არის მისი უფლება და ეს უფლება ჩვენ ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია!

(4) ჩვენ მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილების კომენტარი არ უკავშირდება მოსაყდრის კანდიდატურას, რომელთანაც ძმური ურთიერთობა გვაქვს, ისევე, როგორც წმიდა სინოდის დანარჩენ წევრებთან. შესაბამისად, ვთვლით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს ახლა მილოცვაზე მეტად გონივრული თანადგომა სჭირდება, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, რადგან წმიდა სინოდის ერთობა და მისი სიმტკიცე არის ის, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მის წარმატებით მსახურებას ურთულესი გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე სამყაროში.

(5) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ გამოირჩეოდა ერთსულოვნებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. ამან კი იგი ისეთ ურთულეს ქარტეხილებს გამოატარა, როგორიც, მაგალითად, ათეიზმის ეპოქა იყო. საქართველოს ეკლესიის მესვეურები ყოველთვის იდგნენ მისი სიმტკიცის სადარაჯოზე, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებდა მართლმადიდებელი მრწამსის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და მისიონერული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ჩვენი ზემოთ დაფიქსირებული პოზიციაც სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნასაზრდოები.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი” – ნათქვამია განცხადებაში.