აფხაზეთის საკითხის განსახილველად და რუსეთის პატრიარქობის აღდგენის იუბილეში მონაწილეობისთვის ქართველი მღვდელმთავრები რუსეთში მიემგზავრებიანნოემბერი 30, 2017

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრები 4 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სავარაუდოდ, გაიმართება შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, რომელზეც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაში სამი მღვდელმთავარი იქნება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.
მამა მიქაელის განცხადებით, მეუფე თეოდორე და მეუფე გერასიმე ამერიკიდან, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად დღეს გვიან ღამით დაბრუნდებიან.

რუსეთის ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა უწმინდესი მოსწოვში ვერ მიემგზავრება.