უკრაინის არაღიარებულმა პატრიარქმა ფილარეტმა პატრიარქ კირილს შენდობა სთხოვადეკემბერი 1, 2017

30 ნოემბერს, მღვდელმთავართა კრებაზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს და რუსეთის ეკლესიის ეპისკოპატს კიევისა და სრულიად უკრაინის ყოფილი პატრიარქის ფილარეტის წერილი წაუკითხეს.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდის ინფორმაციით, ფილარეტი წერილში ითხოვს აღდგეს ევქარისტიული და ლოცვითი ერთობა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გაუქმდეს ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის განკვეთის შესახებ რათა მიღწეული იყოს ღმერთისგან დადგენილი მშვიდობა ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის.

„შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის, რითაც შევცოდე სიტყვით, საქმით და მთელი ჩემი გრძნობებით, ასევე გულწრფელად მივუტევებ ყველას“ – ნათქვამია კიევისა და სრულიად უკრაინის ყოფილი მიტროპოლიტის ფილარეტის წერილში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე არაღიარებული კიევის პატრიარქატის მისწრაფება – განხეთქილების გადასალახად დადებითად შეფასდა და დაადგინდა, რომ შეიქმნას კომისია მის წევრებთან მოსალაპარაკებლად.

როგორც ცნობილია, უკრაინაში მოქმედებს კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის პატრიარქატი), ასევე არაღიარებული კიევის პატრიარქატი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

1992 წელს მიტროპოლიტმა ფილარეტმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალია მოითხოვა. თხოვნაზე უარის გამო, ფილარეტმა შექმნა და უირიდიულად დაარეგისტრირა ე.წ. კიევის პატრიარქატი. არც ერთ კანონიკურ ადგილობრივ ეკლესიას მისი ლეგიტიმურობა არ უცნია. 1997 წლის 21 თებერვალს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფილარეტი განკვეთა და ანათემას გადასცა.