მეუფე თეოდორე- ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხსდეკემბერი 1, 2017

ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) განუცხადა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთში საზეიმო დღესასწაულში მონაწილეობას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფის საკითხზე შეხვედრა იქნება. ჩვენ ამ საკითხს ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეხვედრებზე ყოველთვის დგება. საუბარი აუცილებელია ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სამი მღვდელმთავრით არის წარმოდგენილი და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა უწმინდესი მოსკოვში ვერ მიემგზავრება. სავარაუდოდ, გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრების შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, რომელზეც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ.