დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება – დეკანოზის პროტესტიდეკემბერი 6, 2017

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც დახურული იქნება. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები სრულად დახურა.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეების მონაწილეობით, ასევე დახურულ რეჟიმში იმსჯელეს, თუმცა პროცესს ბრალდებული გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა. მან სხდომა პროტესტის ნიშნად, შუამდგომლობის განხილვამდე დატოვა.

ამასთან, დაცვის მხარის შუამდგომლობით დახურულ სასამართლო განხილვებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრება.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც გიორგი მამალაძემ პროცესზე განაცხადა, ის ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს.

ამასთან, მსჯავრდებულმა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ასევე განაცხადა, რომ ვარაუდების გამო ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება და სასჯელის მისჯა არ შეიძლება.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არავის მკვლელობას არ გეგმავდა.

IPN.GE-ს მიხედვით