საჭიროა ეკლესიის სისტემური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება – მეუფე გრიგოლიიანვარი 9, 2018

2017 წელი დაღდასმული აღმოჩნდა ე.წ. ციანიდის საქმის გამო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საქართველოს საპატრიარქოს ავტორიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირი იქნა გასამართლებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ეს საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული – ამის შესახებ საუბარია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის
გრიგოლის საშობაო გზავნილში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამწყსოსადმი.

საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ის მდგომარეობა, რომ ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რაც ჩვენგან, სასულიეროთაგან (და არა მხოლოდ სასულიეროთაგან) მდგომარეობის ღრმა ანალიზსა და თანამედროვე რეალობაში გააზრებას ითხოვს.

ჩვენს (გლობალიზაციის) ეპოქაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოწვევების წინაშე დგას, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ჩვენი სამომავლო გეგმების განსაზღვრის პროცესში.
ერთის მხრივ უნდა ითქვას, რომ 1977 – 2017 წლებში, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლით, მთელი ეპოქა შეიქმნა: გაიზარდა ეპარქიების რიცხვი, ქართული სამრევლოები გაჩნდა უცხოეთში, შესაბამისად, გაიზარდა მღვდელმთავართავართა და სამღვდელოების (მათ შორის ბერ-მონაზონთა) რიცხვი, აშენდა მრავალი ტაძარი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ეკლესიის საფარქვეშ გაჩნდა საბავშვო ბაღები, სახელობო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური სახლები მიუსაფართათვის და ასე ა.შ., კიდევ შეიძლება ჩამოთვლა,

თუმცა, მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია, რომ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ; ეს რეალობა ჩვენგან ითხოვს ეკლესიის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კონტროლის მექანიზმების დახვეწას, რაც სრულყოფს და გაზრდის მართვის ეფექტურობას; ამისთვის, ვფიქრობთ, საჭიროა ეკლესიის, როგორც საქართველოში დღეს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის, სისტემური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი გარდაუვალი აუცილებლობა; თუ არა დღეს, ამის აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ დადგება ახლო მომავალში.

ეკლესია უშუალო თანაზიარი უნდა გახდეს იმ პროცესებისა, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგნად ქცეულა, ხოლო ჩვენი საზოგადოება კი, თავის მხრივ, შეძლებისდაგვარად, თანაზიარი (და თანამონაწილეც კი) უნდა გახდეს იმ მოვლენებისა, რომელსაც ადგილი აქვს თვით ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში!

კიდევ ერთ საკითხს გვსურს შევეხოთ:
ჩვენი ყოფაცხოვრების პრობლემების შესახებ როდესაც ვსაუბრობთ, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყოველდღიური ცხოვრებიდან განდევნილი გვყავს ქრისტე და თითქოს, ხელსაც კი გვიშლის, რადგან მისი უზენაესი სიწმიდე ამხელს ჩვენს ცოდვებს, გადაცდომებს, დანაშაულებს.

 ერთადერთი გარდაუვალი და გადამრჩენელი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ დავაბრუნოთ ქრისტე მაცხოვარი ჩვენს ცხოვრებაში, რამეთუ ჩვენი ხსნა მასშია, რომელსაც, და მხოლოდ და მხოლოდ მას, შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.

დროა განვიმოსოთ „ძველი იგი კაცი“ და ვეზიაროთ სინათლეს. მხოლოდ ასე გავუმკლავდებით თანამედროვეობის გამოწვევებს, მხოლოდ ასე შევუქმნით მყარ გარანტიებს ჩვენს და ჩვენი შვილების, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სამშობლოსა და დანარჩენი მსოფლიოს უკეთეს მომავალს!” – ნათქვამია მეუფე გრიგოლის საშობაო ეპისტოლეში.