მეუფე შიო მრევლს ძველით ახალ წელს ულოცავსიანვარი 14, 2018

ჩვენ ვულოცავთ მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს არის ძველი სტილით ახალი წელი. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი. ჩვენს ხალხში შემორჩენილია მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და ახალი წლის მთელი შინაარსი დატვირთული იყო საშობაო სიმბოლიკით, სიხარულით, მნიშვნელობით. ეს ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ და დღესაც გილოცავთ დიდი სიხარულით“, – განაცხადა მეუფე შიომ და ისურვა ეს წელი ყოფილიყოს მადლიანი მთელი ერისთვის.