პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლში, შვილებს, კარ-მიდამოსიანვარი 19, 2018

დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთხი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ წირვაზე მრევლს. პატრიარქმა სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

”დიდება შენდა და მადლობა შენდა, უფალო. დღეს განიწმინდა მთელი მსოფლიო სულისა წმინდისა გარდამოსვლითა, რომელიც გარდამოვიდა სახითა მტრედისათა და ხმა იყო მამისა: ”შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, მე სათნო ვიყავ”. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. წმინდა სამება არის ის ძალა, რომელიც განწმენდს კაცობრიობას ყოვლისაგან ბიწისა და იხსნის ბოროტისგან. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან”, – განაცხადა პატრიარქმა.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან, სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე, ნათლობა დაწესდა.

სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.