სომხურ ეკლესიაში “დიაკონისას” ხელდასხმა განხორციელდაიანვარი 19, 2018

ირანში, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა სებუხ სარქისიანმა 24 წლის ქალბატონს ანი-ქრისტი მანველიანს დიაკონისად დაასხა ხელი. ხელდასხმა თეირანის წმინდა სარქისის სახელობის ტაძარში მოხდა. ანი-კრისტი მანველიანი საერო პირი იყო. აღსანიშნავია, რომ ხელდასხმა განხორციელდა იმის მიუხედავად, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „დიაკონისას“ წოდება ოფიციალურად არ აღუდგენია.

მთავარეპისკოპოს სებუხ სარქისიანის განცხადებით, რაც მან განახორციელა, სრულიად შეესაბამება საეკლესიო გადამოცემას. მანვე აღნიშნა, რომ ეს გააკეთა საეკლესიო ლიტურგიკულ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის გასააქტიურებლად.

აღსანიშნავია, რომ დიაკონისას ხარისხი აღადგინა ალექსანდრიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდმა ასეთი გადაწყვეტილება 2016 წლის ნოემბერში მიიღო.

პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში დიაკონისას უწოდებდნენ ხანშიშესულ, უმთავრესად ქვრივ ქალებს, რომელთაც საქველმოქმედო და ლიტურგიული საქმიანობა ჰქონდათ მინდობილი, კერძოდ, ისინი მონაწილეობდნენ ქალთა ნათლობასა და მირონცხებაში. ისინი განსაკუთრებულ კურთხევასა და ხელდასხმას იღებდნენ ეპისკოპოსისაგან. დიაკონისები მას შემდეგ აღარ არსებობენ, რაც უფროსთა ნათლობა გაუქმდა. XIX საუკუნიდან ეს ინსტიტუტი მრავალ პროტესტანტურ ეკლესიაში აღადგინეს.