დღეს თბილისის მფარველის, აბო თბილელის ხსენების დღეაიანვარი 21, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, მე-8 საუკუნეში მცხოვრები წმინდანის, აბო თბილელის ხსენებას აღნიშნავს. აბო თბილელი ქართლის ერისმთავარმა ნერსემ არაბთა სამწლიან ტყვეობაში ყოფნისას გაიცნო. 17 წლის მენელსაცხებლე აბო, გათავისუფლების შემდეგ, თან წამოჰყვა ერისმთავარ ნერსეს საქართველოში. აბო სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში.

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. თბილისის ახალი ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა.

ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.