23 იანვარს ეკლესიის უდიდესი მოღვაწის – გრიგოლ ნოსელის ხსენებააიანვარი 23, 2018

წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილი კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. გრიგოლ ნოსელმა მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება.

370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, რომელმაც 372 წელს გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.

371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის”, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.

ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე.

381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.