რელიგიების ისტორიის სწავლება სკოლებში, შესაძლოა, 2019 წლიდან დაიწყოსიანვარი 25, 2018

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შესაძლებელია რელიგიების ისტორიის სწავლება გარკვეულ მუნციპალიტეტებში საპილოტედ 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყოს, – ამის შესახებ ჯაშმა ჟურნალისტებს სამების ახალგაზრდულ ცენტრში, სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ჯაშის თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია შეთანხმება სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პედაგოგების საკითხს, მისივე თქმით, საგნის სწავლება შესაძლოა ჰუმანიტარული დარგების პედაგოგებმა შეითავსონ.

“მივესალმები ცოდნის შეტანას სკოლებში რელიგიების ისტორიების შესახებ, რადგან თეოლოგიის პრინციპები და რელიგიების ისტორია არის განუყოფელი ნაწილი ცივილიზაციის განვითარების, საკაცობრიო ისტორიისა და კულტურათაშორისი დიალოგის. სწორი ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება მრავალეროვან საზოგდოებაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის შეგრძნება და რაც მთავარია თავიდან ავიცილოთ ის უაღრესად ტრაგიკული განვითარება, რაც დღეს გვხვდება მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის, რაც დღეს სამყაროში ხდება, არასწორი ცოდნის შედეგია რელიგიათა ძირითად საწყისებთან მიმართებაში.
ბუნებრივია, სკოლაში სწავლების პროცესში უნდა იყოს ჩართული შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი. როცა საქმე არის რელიგიების ისტორიის სწავლება, ყველაზე მართებულია ჰუმანიტრული დისციპლინების პედაგოგებმა შეუთავსონ აღნიშნული საგნის სწავლება შესაბამისი სწავლების და ტრენინგის შემდგომ. უმნიშვნელოვანესია, შეთანხმდეს სახელმძღვანელო, შეჯერდეს ის დომინანტი ეკლესიის, საპატრიარქოსა და სხვადასხვა კონფესიების ხელმძღვანელებთან. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც რელიგიების ისტორიების, ასევე მათი წვლილის შესახებ საქართველოს კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ყველა ეტაპებზე.

მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელო შემუშავდება, დაიგეგმება პედაგოგების სასწავლო პროგრამა, სკოლების მასშტაბით პედაგოგების შერჩევა და ეს არის ადმინისტრაციულად მარტივად გასამართი სისტემა. მთავარია, შევძლოთ სახელმძღვანელოს შინაარსზე შეჯერება. თეორიულად, შესაძლებლად ვთვლი, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მოხდეს თუნდაც გარკვეული მუნიციპალიტეტების ფარგლებში სწავლების დაწყება”, – განაცხადა ჯაშმა.

სკოლებში რელიგიის ისტორიის დაბრუნების შესაძლებლობაზე პირველად რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “ინტერეპრესნიუსთან” ინტერვიუში ისაუბრა.

IPN.GE