პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია – ილია IIიანვარი 26, 2018

მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ მაია გოიკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

უწმინდესის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ორივე ქვეყანას აწუხებს და ამ მხრივ ერთმანეთისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიარქი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების შედეგად მოგვარდება.

„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დახმარება და თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ა.წ. 25 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, მაია გოიკოვიჩი თანმხლებ პირებთან ერთად.

მაია გოიკოვიჩმა საუბარში მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს კოსოვოსა და მეტოქიის აღიარებას და სერბეთიც, თავისმხრივ, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნების თანადგომა ერთმანეთისადმი.

კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.

რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის საკითხს, ამ თემაზე ქალბატონმა მაიამ ცალკე საუბარში განაცხადა, რომ იგი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მიუღებელია როგორც პირადად მისთვის, ისე სერბეთის ხელისუფლებისთვის.

თავის მხრივ, სერბეთის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან მოკლევადიანი კერძო შეხვედრა პატრიარქთან; ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი.