უნივერსიტეტში წიგნის „ათონი – პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართებაიანვარი 29, 2018

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი – პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვალ 12:00 საათზე დაიწყება. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო დაესწრება.

გამოცემის ავტორია “ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

„ათონი – პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები.

ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.