დღეს წმინდა ანტონ მარტყოფელის ხსენებაათებერვალი 1, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირის ხუთშაბათს წმინდა ანტონ მარტყოფელს იხსენებს. წმინდა ანტონი ერთ-ერთია იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებიც მე-6 საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გასამტკიცებლად.

როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. როცა მასთან ხალხის რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.

მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.

წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აშენება. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.

ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.

გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.