4 თებერვალი წმინდა მოციქულის ტიმოთეს ხსენებაათებერვალი 4, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ტიმოთეს იხსენებს. მოციქული მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას“ (2 ტიმ. 3,10-11).

65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმსდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო: „ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე“ (2 ტიმ. 4,9).

ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს და ბოლოს, ქვებით ჩაქოლეს (+80).

ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.