სკოლებში რელიგიების ისტორიის საგნის შესწავლა, შესაძლოა, ორი წლის შემდეგ დაიწყოსთებერვალი 6, 2018

რელიგიების ისტორიის საგნის სწავლება სკოლაში სავარაუდოდ, სავალდებულო არ იქნება და შესაძლოა, იგი ჰუმანტარული მეცნიერების გადამზადებულმა პედაგოგებმა ასწავლონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით დისკუსია გაიმართება თემაზე „საჯარო სკოლა და რელიგია“, რომელშიც საპატრიარქოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საქართველოს ევანგელურ ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, რომ რელიგიების ისტორიების საგნის შემუშავების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, საგნის დასახელებაზეც საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან. ის მიიჩნევს, რომ საგანი მოსწავლეს სხვადასხვა რელიგიის შესახებ ინფორმაციას უნდა აძლევდეს. მასში საუბარი იქნება საქართველოში ძირითად, ტრადიციული რელიგიების შესახებ და ასევე რა წვლილი შეიტანეს ისტორიის მანძილზე, ჩვენს კულტურასა და ხელოვნებაში.
„მარტის ბოლოსთვის საშუალო საფეხურის კონცეფცია შემუშავებული გვექნება და შემდეგ დაიწყება სტანდარტებზე მუშაობა. საშუალო საფეხური მე-10-მე-12 კლასებს ნიშნავს. ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ მის დანერგვაზე, რადგან საჭიროა სახელმძღვანელოების მომზადება და პედაგოგების გადამზადება. მანამდე სწავლის დაწყება არ ღირს“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე თქმით, სკოლებში რელიგიების ისტორიის საგანი, შესაძლოა, ორი წლის შემდეგ ვიხილოთ.

IPN.GE