პირები, რომლებიც არ იყვნენ პროკურატურის თანამშრომლები, დეკანოზს,  დუმილის სანაცვლოდ, თავისუფლებას სთავაზობდნენთებერვალი 7, 2018

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პირები, რომლებიც არ იყვნენ პროკურატურის თანამშრომლები, დეკანოზს,  დუმილის სანაცვლოდ, თავისუფლებას სთავაზობდნენ.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძემ დღეს პირველად ისაუბრა ამ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში, მასთან გარკვეული პირები იმყოფებოდნენ საპატიმროში, „არა პროკურატურის თანამშრომლები და მას კონკრეტულ შეთავაზებებს უკეთებდნენ“.

“როცა პროკურატურა სთავაზობდა მას თანამშრომლობას, აქ იყო საუბარი მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე. რაც შეეხება მეორე შეთავაზებას, არც ისე შორეულ წარსულში იყო რამდენიმე პირი, რომელიც არ იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც მასთან შევიდა და როგორც თვითონ ამბობს, ესაუბრა იმაზე, რომ თუ ის ზედმეტ პრობლემებს არ შექმნიდა და არ იხმაურებდა, თავისუფლებაზე იქნებოდა”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. თუმცა, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები სასულიერო პირები.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზმა საბოლოო სიტყვაში პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებასა და თანამზრახველებად მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას სთხოვდნენ.

“დეკანოზმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სთავაზობდნენ მას, არამარტო პროკურატურის თანამშრომლები, არამედ სხვა პირებიც თანამშრომლობას. ამაზე იყო კონკრეტული საუბარი. კერძოდ, სთავაზობდნენ, რომ თუ წყნარად იქნებოდა, ბევრ პრობლემას არ შექმნიდა და არ იხმაურებდა, მას გამოუშვებნენ. ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის აბსურდული ის გარემოება, რომ თითქოს მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა სჭირდებოდა კარიერული წინსვლისთვის. ისაუბრა მის ფუნქციებსა და თანამდებობებზე საპატრიარქოში”, – განაცხადა ფანცულაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ამ ეტაპზე სათათბიროდაა გასული.

IPN.GE