პროკურორი – დეკანოზი გიორგი მამალაძე ტყუილზე აგებული ვერსიებით ცდილობდა თავის მსხვერპლად წარმოჩენასთებერვალი 7, 2018

გიორგი მამალაძე არ არის მსხვერპლი, პირიქით, ის არის დამნაშავე, რომელიც ამზადებდა განზრახ მკვლელობას და სამართალდამცველების ეფექტური მუშაობის შედეგად უდიდესი ტრაგედიის თავიდან აცილება მოხდა, – ამის შესახებ, ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვის შეფასებისას განუცხადა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სიცრუით ცდილობდა კვლავ თავის მსხვერპლად წარმოჩენას.

“მსჯავრდებული გიორგი მამალაძე სიცრუესა და ტყუილებზე აგებული ვერსიებით ცდილობდა თავი წარმოედგინა მსხვერპლად, მაგრამ მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ის არ არის მსხვერპლი, პირიქით, ის არის დამნაშავე, რომელიც ამზადებდა განზრახ მკვლელობას და სამართალდამცველების სწორი, ეფექტური მუშაობის შედეგად, ავიცილეთ უდიდესი ტაგედია და აღიკვეთა დანაშაული, მომზადების ეტაპზე”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება დეკანოზის ბრალდებას, რომ პროკურორები მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას და თანამზრახველებად მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას ითხოვდნენ, პროკურორის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

“მსგავსი საუბარი პროკურორებსა და გიორგი მამალაძეს შორის არ ყოფილა. მისი დაკითხვა გადაღებულია ვიდეოკამერით. ჩანაწერი აქვს როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხარეს და სასამართლოსაც და მხარეებმა, ისევე, როგორც სასამართლომ, კარგად იციან, რომ მსგავსი არც მუქარა და არც შეთავაზება გიორგი მამალაძის მიმართ არ განხორციელებულა. სწორედ ასეთ ფაქტებზე ვამბობთ, რომ ის ცრუობს და ცდილობს ყოველთვის თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

IPN.GE