თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განცხადებათებერვალი 9, 2018

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აკადემიისა და სემინარიის ყოფილ სტუდენტთა ნაწილს პასუხობს.

როგორც სამეცნიერო საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე წელია, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, განსაკუთრებით მისი რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს.

„სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში, არ უნდათ დანახვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლისა, იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ეწევა რექტორი, სამეცნიერო საბჭო და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის სტუდენტთა ცოდნის დონის ასამაღლებლად.

გვსურს, ვუპასუხოთ ბრალდებას, წაყენებულს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს მიმართ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ერთი ჯგუფის მიერ. ეს არის ბრალდება სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობის შესახებ. ხსენებული ჯგუფი ამ ბრალდებას საფუძვლად უდებს რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ სასწავლებლის თითქოსდა ავტორიტარული მმართველობის წესს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის წარმოუდგენელი ცილისწამება.

არანაკლებად გასაოცარია აკადემია-სემინარიის რექტორის – თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დადანაშაულება სტუდენტთა მიმართ ძალადობაში.

ჩვენ, ამ განცხადების ხელისმომწერნი, უაღრესად შეურაცხყოფილნი ვართ ამ ცილისმწამებლური კამპანიითა და ვაცხადებთ, რომ ის წარმატებები, რომლებსაც მიაღწია სასწავლებელმა მამა გიორგი ზვიადაძის რექტორობის პერიოდში, არის საუკეთესო არგუმენტი ამ ბრალდებათა გასაბათილებლად, მათი უსაფუძვლობის დასადასტურებლად.

გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ისწავლეს იმ სასწავლებელში, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს და უკვე ბევრი აღუზრდია ღრმა სულიერებისა და, ასევე, ღრმა საღვთისმეტყველო განათლების მქონე პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები, სულ 36 ადამიანი.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულთა ნაწილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ღია წერილით 5 თებერვალს მიმართეს.

როგორც კურსდამთავრებულები წერილში აღნიშნავენ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, უმძიმესი მდგომარეობაა. მათ მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს შორის არის: სტუდენტთა დაშინება, სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურცხყოფა; ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით; „ურჩ“ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით; განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლება მიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები; სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა; სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენურიმდგომარეობის ფონზე, ძვირადღირებული ავტომანქანის (55 000 ლარის ღირებულების) სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით შეძენა, რომელიც ძირითადად რექტორის პირად კომფორტს ემსახურება; რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება; არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე… სულ 14 პუნქტისგან შემდგარი ჩამონათვალი.

1tv.ge