პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სტუდენტთა მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურებათებერვალი 12, 2018

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აბსურდს და სიცრუეს უწოდებს სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილის განცხადებებს, რომ აკადემიაში მათზე ძალადობა ხორციელდება.

როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ რამდენიმე ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, ძალიან უხერხულია, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებებს სასულიერო აკადემიის რექტორმა და მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოპრესვიტერმა უპასუხოს. მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სასულიერო აკადემიის საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით და პროტოპრესვიტერი ყველას სთხოვს, რომ ეს განცხადება ნახოს.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულთა ნაწილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ღია წერილით 5 თებერვალს მიმართეს.

როგორც კურსდამთავრებულები წერილში აღნიშნავენ, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, უმძიმესი მდგომარეობაა. მათ მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს შორის არის: სტუდენტთა დაშინება, სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურცხყოფა; ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით; „ურჩ“ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით; განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლება მიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები; სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა; სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენურიმდგომარეობის ფონზე, ძვირადღირებული ავტომანქანის (55 000 ლარის ღირებულების) სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით შეძენა, რომელიც ძირითადად რექტორის პირად კომფორტს ემსახურება; რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება; არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე… სულ 14 პუნქტისგან შემდგარი ჩამონათვალი.