მეუფე შიო – თანამედროვე ტენდენციები, რომელიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ჩვენი ერისთვისთებერვალი 12, 2018

თანამედროვე ტენდენციები, რომელიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ჩვენი ერისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

მეუფე შიო სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება”, სადაც თანამედროვეობის გამოწვევებზე ისაუბრა.

“როცა ვსაუბრობთ ურთიერთობებზე რელიგიებსა და საზოგადოებას შორის, ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს აზროვნების სფეროს ჩვენი ქვეყნისა, რისი განვითარებაც დამოუკიდებელი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ დღეს ვფიქრობთ, მის უწმინდესობის როლსა და დამსახურებაზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მადლობას ვუხდით მას, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ვერ მობრძანდა. მე მაქვს პატივი მოგილოცოთ და დაგლოცოთ მისი სახელით. ერთ-ერთი მთავარი თემა თანამედროვე გამოწვევებია, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ცნობიერება ერისა, სულიერი ღირებულებები თანამედროვე, გლობალიზაციისა და პოსტმოდერნის ეპოქაში. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი თეზისი დღევანდელი პოსტმოდერნის ფილოსოფიაში გახლავთ უარის თქმა იერარქიულობაზე, რამეთუ ეს ითვლება გარკვეულ დიქტატურად”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, სეკულარიზმის და საკრალიზაციის თემა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში.

“ეს საკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი არის იდეალისტი თავისი აზროვნებით. ჩვენი ერისთვის უმთავრესი ყოველთვის არის იდეა. ჩვენი ერი და სახელმწიფო ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი და სხვათა შორის, ჩვენი ის თანამემამულეები, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება, სწორედ ეს არის იდეალისტური ღირებულებები. თანამედროვე ტენდენციები, რომელიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის. დღევანდელი კონფერენციის უმთავრესი მიზანია თუ როგორ გავუმკლავდეთ ამას და რა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე”, – განაცხადა მეუფემ.

IPN.GE