ჩვენც იძულებული ვართ ბოლომდე გამოვიძიოთ და გადავწყვიტოთ მისი ზიარების საკითხი – მეუფე ნიკოლოზითებერვალი 13, 2018

რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს ანუ, ის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღემდე არ აქვს ოფიციალურად ზიარების უფლება, არ ნიშნავს, რომ არ მიეტევება ცოდვა. არა, უბრალოდ ჯერ წმინდა სინოდალური კომისიის მიერ მასალების გამოკვლევა უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, აღსარებისა და ზიარების უფლება, თავისთავად, არ არის საზოგადოების განსახილველი საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო.

„თუ მას მიეცემა ზიარების უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ სინოდი მხარს უჭერს მის უდანაშაულობას. ამას ასე ჩვენ არ განვიხილავთ. პოლიტიკურ ჭრილში განიხილება ეს საკითხი უკვე მთლიანად. რადგანაც ასეა, სინოდის წინა სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დასრულდება გამოძიება, შეიქმნება სინოდალური კომისია და განიხილავს გამოძიების საკითხს. ოფიციალური დასკვნა რომ დადოს, ამისთვის ყველა არგუმენტი უნდა არსებობდეს. ერთი მხრივ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ვუცხადებთ ნდობას, ვენდობით და მან უნდა გამოიძიონ ეს საკითხი, მაგრამ როგორც კი გამოძიება დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ ამას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას: რა ფორმით, რა პირობით შეიძლება ეს მოხდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღსარების თქმის უფლება აქვს და ამბობს კიდევაც. რაც შეეხება ზიარების საკითხს, მიტროპოლიტის განცხადებით, საეკლესიო სასამართლო განსხვავდება საერო სასამართლოსგან იმით, რომ საეკლესიო სასამართლო ძირითადად დამყარებულია აღსარებაზე, ანუ რასაც ადამიანი მალავს და რასაც არ ამბობს, პასუხისმგებლობა მასზეა. სახელმწიფო სასამართლოს შემთხვევაში ეს ასე არ არის.
„რადგან ზიარებამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ ჩვენც იძულებული ვართ ბოლომდე შევისწავლოთ, ბოლომდე გამოვიძიოთ და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ მისი ზიარების საკითხი. ამიტომ ამას ცოტა დრო დასჭირდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სინოდალური კომისია სინოდზე უნდა შეიქმნას. მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ სინოდის შემდეგ სხდომაზე ამაზე იმსჯელონ.

კითხვაზე, როგორი იქნება მეუფის პოზიცია სინოდზე ამ საკითხთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საკითხის შესწავლამდე ამჟამად ამაზე საუბარი უჭირს.