15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას დღესასწაულობსთებერვალი 14, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია 15 ტებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა შესრულდება.

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 10:00 საათზე დაიწყებს.

მირქმა – ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო” სიტყვა “ქალით” შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი ტაძარში მიყვანილ იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.