შენდობა რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა – პატრიარქითებერვალი 18, 2018

ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისაგან უნდა გათავისუფლდეს ყოველი ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა აღავლინა.

“წმინდა მამა ამბობს: უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ცოდვა? – უპირველეს ყოვლისა, უნდა განიცადოს გულით და გონებით. არ შეიძლება ჩვენ ვცნობდეთ ცოდვას მხოლოდ გონებით. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანმა უნდა განიცადოს ცოდვა დიდი გონებით და დიდი გონება არის გული. შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. ამას დასაწყისი დაედო ეგვიპტის უდაბნოში. დიდი მარხვის წინ ბერმონაზვნობა იკრიბებოდა მონასტერში და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას. შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ განდეგილად. არავინ ხედავდა, რა უჭირდა და რა ულხინდა მათ. შემდეგ იკრიბებოდნენ და ერთად ხვდებოდნენ აღდგომის დღესასწაულს. ცოდვა ეს დიდი ვნებაა. ადამიანი ხშირად ვერ გრძნობს, როგორ შემოიპარება ცოდვა ადამიანის გონებაში. მთელი პროცესია – უპირველეს ყოვლისა, თვალით ხედავ ამა თუ იმ ვნებას, თვალიდან – გულში. გულში თუ შევიდა ვნება, მერე მოედება მთელ სხეულს და უკვე ძნელია მისი განშორება. ამიტომ ყოველ ადამიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, მლოცველი და არა მარტო ბერ მონაზვნობას, სასულიერო პირებს, არამედ ერის ადამიანებს. მონასტრებში და ტაძრებში სამღვდელოება უნდა ლოცულობდეს ყოველი ადამიანისთვის. დიდი სულიერი შრომაა, ეს არ არის ბრძოლა ვნებებთან, ხორცთან და სისხლთან, არამედ ეს არის ბრძოლა ეშმაკთან. ეშმაკი ბრძენია და ამ სიბრძნით აღწერს თავის ბოროტ ვნებებს და აზრებს. ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადამიანი პასუხობს ბოროტებით. რა უნდა უყო ასეთ ადამიანს?! ხედავ, რომ ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო… გლანძღავს – შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვლილი შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინოთ, რომ სიკეთე და სიწმინდე შენ დაგიბრუნდეს”, – განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ დიდი მარხვა შესანიშნავი საშუალებაა მადლის მოსაპოვებლად.
ამასთან, მან გაიხსენა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნების ყოფა.

“მე მახსენდება, ძველი დედები როგორ მოღვაწეობდნენ, მაგალითად, დედა სიდონია. სპეციალური პატარა კელია იყო, ფიცრებიდან გაკეთებული ტახტი და დღე და ღამე იქ მოღვაწეობდა, წამოწვებოდა და თავქვეშ ბალიშის მაგივრად ქვა ჰქონდა დადებული. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე როცა იყო წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა, ამბობდა, ლოცვის დროს ვიღაცას შემოჰქონდაო მაწონი და არ ვიცოდით, ვის მოჰქონდაო…. კმევის დროს გამოვედი გარეთ და ვხედავ, ერთ-ერთი მონაზონი დგამს ამ მაწონს ფანჯარაში, იმ დროს, როცა თვითონაც არაფერი ჰქონდაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, ღმერთმა მოგცეთ განცდა თვისთა ცოდვათა და სიბრძნე”,- განაცხადა პატრიარქმა.

IPN.GE