პატრიარქი – უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა ჩვენს თავთანმარტი 4, 2018

ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისმა უწმიდესობამ გრიგოლ პალამას მოღვაწეობის შესახებ იქადაგა და სიმშვიდის მოპოვებაზე ისაუბრა.

“განვლო ორმა კვირამ დიდი მარხვისა და ჩვენ ვემზადებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია ადამიანის ცხოვრება და ეს სულიერი ბრძოლა განსაკუთრებით ძლიერდება მარხვის დროს, როცა ადამიანი სულიერად მოღვაწეობს. თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა, ლოცვა ვერ მიდის უფალთან. სიმშვიდე – ეს ყველაფერია, სიმშვიდე გულისა, სიმშვიდე გონებისა, სიმშვიდე ოჯახში, სიმშვიდე სამსახურში… როგორ მიაღწიოს ადამიანმა სიმშვიდეს, როცა ჩვენს გარშემო ასეთი მღელვარებაა? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, შენდობა მივცეთ ერთმანეთს ჩვენი დანაშაულის გამო. თუ ადამიანი აპატიებს მოყვასსა თვისსა, ის სიმშვიდე თავისთავად დაისადგურებს მასში. დღევანდელ დღეს, როცა ასეთი მღელვარებაა, ასეთი გარუკვეველი მდგომარეობაა ოჯახებში, მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმათა შორის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა უპირველეს ყოვლისა ჩვენს თავთან. ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით”,- განაცხადა პატრიარქმა.

IPN.GE