მეუფე გრიგოლი ჟურნალისტს – “თქვენ იმის გაგება გინდათ,რაც ჯობდა მეც არ გამეგო”მარტი 7, 2018

ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რა აზრიც გამომაქვს, რა ვარაუდებიც ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე მსხვერპლია. ის გარემოებათა მსხვერპლია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ.მატროსოვის ციხესთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განუცხადა, რომელიც მამა კახაბერთან გოგოტოშვილთან ერთად, დღეს, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს შეხვდა.

მათ ისაუბრეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. თუმცა, კონკრეტულ ტემები მღვდელმტავარს არ დაუკონკრეტებია. მანვე აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საზოგადოებისთვის რაიმე სახის გზავნილი მისთვის არ დაუბარებია. “თუმცა, მისი ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს”.

„ბუნებრივია, რომ სურვილი გამიჩნდა შევხვედროდი და პირადად მომესმინა მისგან ის, რისი თქმაც სურს. მეორე: – კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატიმრის მონახულება. ეს ძალიან კეთილი საქმეა. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს სასულიერო პირსა და მორწმუნე ადამიანს შორის საუბარია, რომელიც დაცულია და პირადად მას რაიმე განცხადების გაკეთება არ უთხოვია. შესაბამისად, იმ საუბრის გამჟღავნება, რომელიც ჩვენს შორის შედგა, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

რაც შეეხება კითხვას, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე ზიარების საკითხი, მეუფე გრიგოლის განმარტებით, დეკანოზ მამალაძის ზიარების საკითხში თვითონ ჩართული არ არის.
მისივე განმარტებით, მამა გიორგის ამ დროისთვის მღვდელთმსახურება შეჩერებული აქვს.

გარდა ამისა, მეუფე გრიგოლის განმარტებით, ის იმედს გამოთქვამს, რომ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ჭეშმარიტება დადგინდება.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხში დროთა განმავლობაში მეტი ნათელი შემოვა. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია იგი მხოლოდ ერთ–ერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ეს ჩემი კითხვებია, არ გაფანტულა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ იგი დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მაღალი სასულიერო იერარქის განცხადებით, სასურველია, რომ ადამიანს, მიუხედავად შეჩერებული მღვდელმსახურებისა, ზიარების საშუალება მიეცეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ შეხვედრის შემდეგ რწმუნდება თუ არა, რომ ის არის მსხვერპლი? მეუფე გრიგოლმა უპასუხა: “თქვენ იმის გაგება გინდათ,რაც ჯობდა მეც არ გამეგო”.

IPN.GE