დეკანოზის ადვოკატი ითხოვს, მეუფე გრიგოლის განცხადებებს ყურადღება საპატრიარქოშიც მიაქციონმარტი 7, 2018

სასურველია მეუფე გრიგოლის განცხადებები, მხოლოდ განცხადებებად არ დარჩეს და ყურადღება მიაქციონ საპატრიარქოშიც, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ საგულისხმოა მეუფე გრიგოლის სიტყვები – „ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, ამიტომ, ეკლესიის ინტერესი უნდა იყოს, დადგინდეს სიმართლე.

დვოკატი მიიჩევს, რომ მეუფე გრიგოლს სხვა სასულიერო პირებმაც უნდა მიბაძონ  და დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულონ.

„სასულიერო პირები, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მოზომილი არიან განცხადებებში, მაგრამ ამ მოზომილ განცხადებებშიც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები გაჟღერდა. კერძოდ, ორინსტანცია დამთავრებულ საქმეზე როცა სასულიერო პირი ამბობს, სიმართლე უნდა დადგინდესო, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სასამართლოს მიერ ე.წ. დადგენილი სიმართლე არ არის რეალური სიმართლე და აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა.

რაც შეეხება მეუფე გრიგოლის სიტყვებს – „ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, ასევე საგულისხმოა და ჩვენც წელიწადზე მეტია ვამბობთ, რომ დეკანოზი ნამდვილად მსხვერპლია. პირველ რიგში, ეკლესიის ინტერესი უნდა იყოს სიმართლე დადგინდეს. რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს, ცნობილია, რომ ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ მის ზიარებას. სასურველია მეუფე გრიგოლის განცხადებები, მხოლოდ განცხადებებად არ დარჩეს და ყურადღება მიაქციონ საპატრიარქოშიც. მეუფე გრიგოლის განცხადებებს მივესალმები. იმედი მაქვს, სხვა მეუფეებიც მიბაძავენ მას და მოინახულებენ დეკანოზს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღეს მსჯავრდებული გიორგი მამალაძე მოინახულა.