მეუფე შიო – დღეს ის დროა, როდესაც ჩვენ ტაძრებიდან უნდა გავიდეთ და ვიქადაგოთმარტი 9, 2018

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი; რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება?, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან საპატრიარქო რეზიდენციაში პატრიარქის ინიციატივით გამართული შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი.
„სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს? იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ სამღვდელოება აღარ უნდა იყოს მარტო ტაძრებში, ეს ძველ დროს იყო, საბჭოთა დროს, მღვდლებს აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა და მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენ ტაძრებიდან უნდა გავიდეთ, ვიქადაგოთ და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც იქნება, ფსიქოლოგებთან ერთად, ფილოსოფოსებთან ერთად“, – აღნიშნა შეხვედრისას მეუფე შიომ.
IPN.GE