დავით გარეჯა „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდამარტი 15, 2018

დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

ამ ფაქტის მნიშვნელობის შესახებ ბრიფინგზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა და ამ ძეგლის ნომინატორმა მაკა დვალიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, მეუფე დავითმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრეს.

მაკა დვალიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის „ევროპა ნოსტრას“ 7 ძეგლთა ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს მისი, როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო დონეზე აღიარებას, როგორც ისტორიული, კულტურული, ასევე სახელოვნებო კუთხით. მისივე თქმით, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის დაცვა და ზედამხედველობა ევროპულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ უნდა განახორციელოს.

„ამ მიზნით დაგეგმილია რამდენიმე ეტაპის სამუშაოების განხორციელება. პირველ ეტაპზე საქართველოში მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტთა მისია ჩამოვა. ისინი შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მისი განვითარების გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ, ამაზე დაყრდნობით მოხდება დამატებით სახსრების მოძიება“, – განაცხადა მაკა დვალიშვილმა.

თავის მხრივ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა მარტო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, არამედ მისი ლანდშაფტის დაცვასაც ითვალისწინებს.

IPN.GE