სხალთის თემში ღვთისმშობლის ეკლესია გაქურდესმარტი 16, 2018

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში ღვთისმშობლის ეკლესია გაქურდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეკლესია 15 მარტს გაქურდეს და წაღებულია ხატები. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

სხალთის თემში მერიის წარმომადგენლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბილვანიძე ამბობს, რომ ქურდობაზე ინფორმაცია დღეს დილით, სამსახურში მისულმა გაიგო:

„დღეს დილით, როდესაც სამსახურში მივედი, მაშინ გავიგე ტაძრის ძარცვის შესახებ. შემთხვევის ადგილზე ახლა პოლიცია მუშაობს. იქ მე არავინ შემიშვებს, სოფელში კი მოსახლეობა ამბობს, რომ ძარცვა გუშინ საღამოს, დაბნელებამდე მოხდა, სავარაუდოდ, მძარცველებმა მხოლოდ ხატები წაიღესო, დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით“, – თქვა სატელეფონო საუბარში გენადი ბილვანიძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო – ქურდობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

imedinews.ge