„გიორგი მამალაძემ გაშიფრა ფინანსური სქემები მითვისებების საპატრიარქოში“მარტი 18, 2018

„გიორგი მამალაძემ გაშიფრა ფინანსური სქემები მითვისებების საპატრიარქოში,“ – ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, შაბათის კურიერში გააკეთა.

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა და მისგან გარკვეული ინფორმაცია მიიღო, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

დეკანოზმა ფინანსური სქემები გაშიფრა და გვარამიას თქმით, ამ სქემის მონაწილეები ეკლესიის მაღალჩინოსნები არიან.

„ეკლესიის მაღალჩინოსნები ნამდვილად არიან დასახელებული, არავითარ პირად ცხოვრებაზე იქ საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ სირცხვილია. ეს ადამიანი იქ ზის იმიტომ, რომ გაშიფრა მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება და ამის უტყუარი საბუთები აქვს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი პატრიარქს უამბო და პატრიარქის პოზიციაც მოისმინა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი საპატრიარქოს განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატრიარქთან მისი შეხვედრა „ორმხრივი სურვილი“ იყო.

როგორც „შაბათის კურიერში“ საუბრისას ნიკა გვარამიამ განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრამდე მან საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე მღვდელმთავარი ნახა, რომელთა ნაწილსაც, მის დანახვაზე „მძიმე და ცუდი რეაქცია“ ჰქონდა.

„მე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრა შედგა ჩემი მოთხოვნით, კონკრეტული სამღვდელო პირის შუამავლობით. ჯერ ერთი, მე არსად არ მითქვამს, რომ „პატრიარქმა დამიბარა“. ეს იყო საერთო სურვილი. მე არავისთვის არ მითხოვია, გინდა თუ არა უნდა მიმიღოთ-ქო. ყოველთვის მზად ვარ პატრიარქთან შესახვედრად და იყო შემთხვევები, როცა მე ვთხოვე მას შეხვედრა, იყო შემთხვევები როცა საპატრიარქოში მიბარებდნენ – ასე ვთქვათ, მთხოვდნენ მისვლას – დაბარება ცუდი სიტყვაა. თუმცა, მე პატრიარქის მრევლი ვარ და ამიტომ, მის მიერ საპატრიარქოში მიწვევა დიდი პატივია და არასდროს იქ მისვლის პრობლემა არ მქონია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.