“ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე გაპატიებთ, მაგრამ ,,ქრისტიანობის დამცველები” არ გპატიობენ”მარტი 19, 2018

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) “ფეისბუქის” პირად გვერდზე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში საკადრო ტექსტსა და ტელეკომპანიის ეზოში დღეს განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, გასაკვირი არ არის ის რომ, მიუღებელია დამცინავი და მკრეხელური ფორმით იესუ ქრისტეს ხსენება. არც ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული სიუჟეტი ყოფილა მისაღები და როგორც ქრისტიანს მქონდა რეაქციაც. თუმცა, შევთხოვ უფალს რომ აპატიოს მას.
ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე არის სიყვარული და ის გაპატიებთ მაგრამ, ეგრეთ წოდებული ,,ქრისტიანობის დამცველები” არ გპატიობენ. აი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი.
მინდა გკითხოთ თქვენ ჩემო საყვარელნო?! არის თქვენთვის მისაღები დედის გინება იესუ ქრისტეს სახელის ხსენების შემდეგ?! ან მოწოდება რაიმე სახის ძალადობისკენ?! განა ასეთი საქციელით არ შეურაცყოფთ იესუ ქრისტეს სახელს?! როდესაც ეკითხებიან იესუ ქრესტეს, რით გვიცნობენ ჩვენ რომ შენი მოწაფეები ვართ? უფალი მათ პასუხობს, ,,სიყვარულით!” ყველაზე მეტად რისი პრობლემაც არის დღეს ეს არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე; რაც ნიშნავს, ღმერთის გარეშე ყოფნას. შემთხვევით არ იყო წინა კვირას როდესაც, მისმა უწმინდესობამ მრევლს სამგზის გაამეორებინა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: ,, ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს”!
პავლე მოციქული ბრძანებს, ,,სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა”.
მიუტევეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!
ქრისტეს მიერ სიყვარულით,
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)” – წერს მღვდელმთავარი.

DOGMA.GE