“საზოგადოების ნაწილმა თავისი აღშფოთების ფონზე რაც გააკეთა, იყო შეურაცხყოფილი ადამიანების ვნების გამოხატვა, სადაც, წარმოდგენილი რეალობის გამო, ქრისტეს სახელი ფიგურირებდა”მარტი 20, 2018

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ლექტორი, თეოლოგი გიორგი გვასალია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას გაკეთებულ განცხადებებს, ჟურნალისტის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს და ამ ყველაფერზე სოციალურ ქსელში გამოწვეულ გამოხმაურებაზე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“უამრავი ვნებათაღელვა გააჩინა გაბუნიას უკიდურესად თავხედურმა და აბსოლუტურად უნიჭო გამოხდომამ (ცხადია, მათ არ ვგულისხმობ, ვისაც პოლიტიკური თუ სოციალური ინტერესების გამო გემოვნება გაბუნიათი აქვთ განსაზღვრული)… თუმცა, უფრო მძაფრად ისმის ქრისტიანობაში ღრმად ჩახედულთა პოსტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არაქრისტიანულად მოიქცა საზოგადოების ნაწილი ქრისტეს დაცვის მოტივით… ზოგი შემოსილი ცდილობს განსაკუთრებულის თქმას, ზოგი შეფარული სტატუსებით და ა. შ.
ამ ზეთანამედროვე ქრისტიანეებს მე ვერაფერს შევკადრებ.. სად მათი და სად სხვათა ინტელექტი (აღარაფერს ვამბობ სტატუსებით გაჯერებულ სულიერებაზე)… მე ზოგადად, ჩემგვარ მდაბიოებს მინდა მოგმართოთ:
ის, რაც საზოგადოების ნაწილმა თავისი აღშფოთების ფონზე გააკეთა, იყო არა ქრისტეს ან მისი სარწმუნოების დაცვა, არამედ შეურაცხყოფილი ადამიანების ვნების გამოხატვა, სადაც, წარმოდგენილი რეალობის გამო, ქრისტეს სახელი ფიგურირებდა. ის ადამიანები, რომლებიც აღელვებულები გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატავად, შეიძლება ოდნავადაც არ ერკვევიან ქრისტიანულ სწავლებაში. მათთვის ქრისტეს შეურაცხყოფა მათთვის ფასეულის ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს და ეს ფასეულობა ძირითადად ეროვნული იდენტობის იმ შემადგენელს გულისხმობს, რომელიც ძლიერ მოსაფრთხილებელია ოდნავ მაინც ნორმალურად მოაზროვნისათვის. ეს ადამიანები მსგავსად მოიქცეოდნენ თუკი გაბუნიასეული რეგვენიზმი შეეხებოდა ვთქვათ, ლაშ-გიორგის ან ყურთლუ არსლანს ან ვიღაცა სხვას… არ აქვს ამას მნიშვნელობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მივიღებდით იმავე სახის გამოსვლებსა და იმავე სახის დამოძღვრებს და ა. შ.
მოკლედ… როცა ნახავთ რომ ამ ფაქტს ვიღაცა საკუთარი ქრისტიანული ღრმა შეხედულებების ფართო ილუსტრაციისათვის იყენებს, უბრალოდ იცოდეთ, ისიც კარგად სარგებლობს გაბუნიას რეგვენიზმით….
პ. ს. აქ წერია ჩემი აზრი და თუ არ მოგეწონათ, უბრალოდ გაიარეთ… მე ჩემს გვერდზე ჩემს აზრს ვაქვეყნებ” – წერს გიორგი გვასალია.

DOGMA.GE