“თქვენ ძალიან პატივცემული ადამიანი ბრძანდებით როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში”მარტი 23, 2018

„მე სამუდამოდ დამამახსოვრდება თქვენ სიტყვები, რომლებიც მითხარით, როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში. თქვენ მითხარით, რამდენ ხანს გველოდებით აქ. მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ, რომ ყოველთვის პოულობთ ჩემთან შეხვედრის დროს. მე კი გპირდებით, რომ ხშირად ჩამოვალ თქვენს ლამაზ ქალაქში, თქვენს ლამაზ ქვეყანაში. თუ თქვენი და უფლის ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით ხოლმე. ჩემთვის ეს დიდი სიხარულია და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ძალიან ძვირფასია. თქვენ ძალიან პატივცემული ადამიანი ბრძანდებით როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.

“თქვენო უწმინდესობავ, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, გაგიზიარებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ვიცით. მე ვუთხარი თქვენს პრეზიდენტს და ამას დღეს თქვენს პრემიერ-მინისტრსაც ვეტყვი – თუ თქვენ ჩვენთან საქართველოსთვის რაიმე სასარგებლოს დაინახავთ, რისი გადაცემაც ჩვენ თქვენთვის შეგვიძლია, იყავით დარწმუნებულები, რომ ამას გავაკეთებთ ისე სწრაფად, როგორ სწრაფადაც ამას მოისურვებთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

“თქვენ ახსენეთ რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებასთან ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ასევე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები უნდა დამყარდეს ყოველგვარი უთანხმოებისა და სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად. უთანხმოებები შეიძლება იყოს, ისინი იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უკან ხალხი, ერები დგას, მათ სურთ მშვიდობიანად ცხოვრება და მეგობრობა.

გუშინ ჩემს კოლეგა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის რუს და ქართველ ხალხს შორის კონფლიქტი, ეს არის ხელისუფლებების კონფლიქტი და საჭიროა, ორივე მხარის ამბიციებისგან განზე გადგომა და ნორმალური ურთიერთობების დამყარება, რაც ჩვენს ერებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქს ქართულ საზოგადოებაში დიდ პატივს სცემენ.

„მოხარული ვარ, რომ თქვენ და თქვენი თანაშემწეები ეწევით აქტიურ ცხოვრებას, როგორც ამის შესახებ თქვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა მითხრეს, თქვენ პატივს გცემენ ქართულ საზოგადოებაში. ეს ქართველი ხალხის ერთიანობის ძლიერი ვექტორია.

თქვენ, ალბათ, ყველაზე მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს, მე უკვე აღარ ვსაუბრობ ახლო წარსულზე, რომელშიც საქართველოს ეკლესიამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მთავარი როლი შეასრულა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

1tv.ge