“ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების დასაძაბად”მარტი 29, 2018

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების დასაძაბად და რეგიონში დაპირისპირების პროვოცირებითვის, რომელმაც სრულმაშტაბიანი ხასიათი უნდა მიიღოს. ამის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა სათაურით “იგეგმება პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

“მიმდინარე ეტაპზე არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს პრობლემას თვალი მოარიდოს და საკითხის პოლიტიკური და სამართლებლივი შემადგენელი კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის განსასჯელი და გადასაწყვეტი გახადოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების დასაძაბად და რეგიონში დაპირისპირების პროვოცირებითვის, რომელმაც სრულმაშტაბიანი ხასიათი უნდა მიიღოს.

კერძოდ, უნდა მოხდეს ქართველი მუსულიმების პროვოცირება, რასაც მოჰყვება გარკვეული განცხადებები და ქმედებები, რაც პროცესების შემდგომი ესკალაციის საბაბი გახდება.

მივმართავ “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს თემის წარმომადგენლების პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით. მივმართავ ყველა ქართველ მუსლიმს, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი ქართული სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეების ხელში. მივმართავ საქართველოს მოქლაქე, არაქართული ეროვნების მუსლიმებს, ნურავითარი სახით ნუ ჩაერევიან მოსალოდნელ პროცესებში.

აქვე, მივმართავ მაღალყოვლადუსამღვდელოეს დიმიტრის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, რომლის პროვოცირება, აღნიშნულ პროცესებში პირდაპირი თუ ირიბი ჩართვა, ასევე წარმოადგენს მავანთა გეგმის ნაწილს.

მეუფეო, კარგად მოგეხსენებათ, რომ ცალკეულმა ძალებმა ბოლო მოვლენების დროს (ვგულისხობ ე.წ. ციანიდის საქმეს) მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს პირადად თქვენი პერსონის დისკრედიტირებისთვის – რამდენად მიაღწიეს მიზანს ამაზე მსჯელობა არ ღირს. ამჟამად, ნებისმიერი პერსონა თუ ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეეცდება პირადად თქვენს და თქვენი მეშვეობით მართლმადიდებელი მრევლის ჩართვას რაიმე სახის დაპირისპირებაში და ამას გაამართლებს როგორც დედა ეკლესიის მოვალეობად ან მართლმადიდებლების ვალდებულებად, კვალავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტზე მიიტანს იერიშს. რაოდენ მყარი არგუმენტებიც არ უნდა გააჟღერონ ესკალაციის მომხრე პირებმა, მოვლენების ამ სახით განვითარების ყველა ვარიანტის მოდელირება ცხადჰყოფს, რომ საბოლოოდ, “ბომბი”, რომლის “აფეთქებაც” თქვენი ხელით სურთ, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა პირიქით, როგორადაც ამის მოწოდებას თქვენთვის შეეცდებიან, ან უკვე შეეცადნენ. იმ შემთხვევაში თუ მოვლენები განვითარდება ქართული სახელმწიფოსთვის არასასურველი სცენარით, რაც ამთავითვე ცნობილია ვის წისქვილზე ასხამს წყალს, პირადად თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აირიდებთ პასუხისმგებლობას ცალკეული მიზეზების და განწყობების გათვალისწინებით, რაც თქვენთვის კარგად არის ცნობილი და რომლის განვრცობისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

აქვე, უნდა მივმართო ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, თავი აარიდეთ გაუაზრებელ პროცესებში ჩართვას და ნუ შეასრულებთ ქართული სახელმწიფოსთვის დამღუპველ როლს. მერწმუნეთ, ამ შეფასებაში არაფერია გადაჭარბებული. მით უფრო, რომ ამის იმედი და მოლოდინი პროვოკაციის დამგეგმავების სცენარში გაწერილია.

საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ საკითხის ღირსეულად მოგვარება ამ ეტაპზეც არის შესაძლებელი და გადადგას კონკრეტული და დროული ნაბიჯები მის გადასაწყვეტად.

და ბოლოს – მერწმუნეთ, თემის სენსიტიურობის გათვალისწინებით, შევეცადე მაქსიმალურად დელიკატურად და რბილად გადმომეცა სათქმელი. ამავდროულად, თავს ვიკავებ ცალკეული კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”- წერს გოჩა მირცხულავა.

უფრო ვრცლად