რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდესაპრილი 24, 2018

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელი ემზარ კვიციანია.

როგორც კანონპროექტის განხილვისას ითქვა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განმარტა, ის იზიარებს პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ საჭიროა პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც იქნება განსჭვრეტადი და სადაც მკაფიოდ გაიწერება, თუ რა ქმედება შეიძლება შეფასდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

მხარს ვუჭერ პრინციპს, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების რელიგიური გრძნობები, – ამის შესახებ კი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ფოფხაძის თქმით, საჭიროა კანონი დაიწეროს იმდაგვარად, რომ ადმინისტრირების დონეზე პრობლემები არ შეიქმნას.

“სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის რელიგიური გრძნობები. მე ამ პრინციპს მხარს ვუჭერ. ბუნებრივია, ადამიანს აქვს მძაფრი რეაქცია, როდესაც მის რელიგიურ გრძნობებს ვინმე შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების ნაწილი. უნდა დადგინდეს შეფასების სტანდარტი, თუ რას წარმოადგენს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. უნდა გაიწეროს ამის ობიექტური და სუბიექტური შეფასების კრიტერიუმი”, – განმარტა გედევან ფოფხაძემ.