რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გრძნობების კანონპროექტთან დაკავშირებითაპრილი 25, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ დაუშვეველია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და მას ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

„საქართველოს საპატრიარქოს წინაშე საკითხი ასე არ დგას. აუცილებელია ყოველთვის ზედმიწევნით სიზუსტით გამოიკვეთოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა, ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა, მისი დამოკიდებულება ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არა მხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენს – იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, იქნება ბაპტისტური თემი თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, რელიგიური გრძნობები არის უაღრესად სათუთი საკითხი.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში და ეს ბუნებრივია. ამდენად ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა. საჭიროა შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს იმას, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ამასთან, პროტოპრესვიტერს არ მიაჩნია, რომ სასულიერი პირს არ უნდა შეეხოს რაიმე კანონი.

ვფიქრობთ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასეთი კანონის შემუშავებას ყოველთვის თავისი რისკები ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული ყველა რისკი“, – აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.