პატრიარქი – მადლობა ღმერთს, რომ მომივლინა მამა ეფრემი ათონის მთიდანაპრილი 29, 2018

საქართველოში სტუმრად მყოფი ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის დიდი ლავრის წინამძღვარი, არქიმანტდრიტი ეფრემი, რუსი და უკრაინელი მღვდელმსახურები დღეს, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა.

„არის ადამიანი, რომელიც ანგრევს, არის ადამიანი, რომელიც აშენებს. არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს და არის ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი და ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი, კეთილისმყოფელი, მშვიდობისმყოფელი. დღეს ჩვენ გვყავს დიდი სტუმრები. ნათქვამია ბრძენი ადამიანებისგან, რომ სტუმარი არის ღვთისაგან და მე ვუყურებ ამ სტუმრებს, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა შევწირო ღმერთს, რომელმაც მომივლინა მამა ეფრემი ათონის წმინდა მთიდან. ეს არის ღვთისაგან გამოგზავნილი პიროვნება და მე მას ვთხოვ, რომ გადასცეს ჩემი ლოცვა-კურთხევა ათონის მთის მამებს. ჩვენთან დღეს ასევე არის ეპისკოპოსი რუსეთის ეკლესიისა. მრავალრიცხოვნად არიან სტუმრები უკრაინიდან. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უკრაინა დამშვიდდეს, მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პატრიაქმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ეფრემს იმისთვის, რომ ღებულობს ქართველ ბერებს, მორჩილებს და წინამძღვრებს. „მისი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ორი ქართული კელია, სადაც ათონის მთაზე აღდგა ქართული წირვა-ლოცვა. ღმერთმა ინებოს, რომ მრავალჟამიერი იყოს მათი ყოფნა იქ“, – დასძინა პატრიარქმა.