ქვეყანაში ხელოვნური აბორტების რიცხვი 30 ათასიდან 23 ათასამდე შემცირდამაისი 1, 2018

ქალთა მიმართ ძალადობისა და აბორტის საკითხებზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში იმსჯელეს, რომელსაც შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის გაზრდილ შემთხვევებზე, რაც ეკლესიას აწუხებს.

„ვფიქრობ სპეციალისტების მოსმენა საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ რა წვლილი შეიტანოს ეკლესიამ ამ პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა მამა ანდრიამ.
მისივე თქმით, მიაჩიათ, რომ აბორტი არის ძალიან მძიმე დანაშაული უსუსური ადამიანის მიმართ და თუკი ვსაუბრობთ აგრესიაზე, უნდა ვისაუბროთ ამ ტიპის აგრესიაზეც, რომელიც აბორტს ეხება. „ჩვენთან სტატისტიკა არის ძალიან არასახარბიელო. წელიწადში 40 000 ოფიციალური აბორტი კეთდება, არაოფიციალურად შესაძლებელია უფრო მეტი. ეს ციფრი უნდა გავამრავლოთ 3-ზე. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ საგანგაშო ვითარებას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის განცხადებით, ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში გარკვეული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც ხელოვნური აბორტის რაოდენობა თანდათან მცირდება.

„12 კვირის ჩათვლით საქართველოში ვადამდე ხელოვნური აბორტი დაშვებულია ყოველგვარი ჩვენების გარეშე (ქალის სურვილზეა დამოკიდებული). მხოლოდ ხელოვნური აბორტები 2017 წლის წინასწარი მონაცემებით 30 000-დან 23 000-მდე შემცირდა, ასევე შემცირებულია ხელოვნურ აბორტებში მინი აბორტების რიცხვი, რომელიც 13-14 000-დან დღეს 8 000-მდეა შემცირებული“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.