“არსებულმა სინამდვილემ ცალსახად გამოკვეთა, რომ ეკლესიის მიმართ ხალხს გაუჩნდა გადაჭარბებული მოლოდინები”მაისი 9, 2018

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი პარლამენტში რელიგიური გრძნობების შელახვის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირებას და NDI-ს გამოკითხვას ეხმაურება. მეუფის ქადაგების სრული ტექსტი ეპარქიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როცა საუბარი იწყება იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შელახვისგან, წარმოუდგენლად გვეჩვენება იმდაგვარი კანონის შექმნა, რომელშიც ზედმიწევნით იქნებოდა განმარტებული რელიგიური გრძნობის ცნება და დადგინდებოდა მისი შელახვა-არშელახვის კონკრეტული საზღვრები; რა შედეგის მომტანი იქნება კანონი, რომელსაც თავისი ზოგადი ხასიათის გამო, მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცემა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ გამოვრიცხავთ, რომ ყოველივე ეს ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდეს, მისგან გამომდინარე შედეგებითურთ – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მღვდელმთავრის თქმით, რელიგიური გრძნობების საკითხი, არა იმდენად სამართლებრივი საკითხია, რამდენადაც მორალის სფეროს განეკუთვნება.

“ვიღაცისთვის ეს შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ იმავდროულად სხვისთვის შესაძლოა განუზომელი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს. როდესაც რელიგიურ გრძნობებს ვეხებით, აქ, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენ, საზოგადოების წევრები, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოზომილები. მადლობა ღმერთს და ჩვენს წინაპრებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანებისადმი პატივისცემის ისტორიული ტრადიცია” – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც მეუფემ ყურადღება დაუთმო, “NDI”-ის კვლევას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი არის შემცირებული, რაც მისი თქმით, გახდა განსაკუთრებული მსჯელობის საგანი.

“იყო დრო, არც თუ შორეულ წარსულში, როცა ეკლესიისადმი ნდობის მაჩვენებელი 80-85 %-ის ფარგლებში იყო (და ვგონებ აღემატებოდა კიდეც). საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანი და საიმედო იყო ეს მაჩვენებელი, რას ეფუძნებოდა ასეთი მაღალი სანდოობა?
ეს ციფრები ჩვენთვის უკვე მაშინ იყო დამაფიქრებელი, რადგან იგი აღემატებოდა თვით მართლმადიდებელ ქრისტიანთა რაოდენობასაც კი, და რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, აშკარა იყო, რომ ეკლესიას ნდობას უცხადებდა არამხოლოდ არაქრისტიანი, არამედ მოსახლეობის ეთნიკურად არაქართული ნაწილიც; ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს წერილში („ეკლესია და საზოგადოება“ – თბილისი, 2004 წ.). არსებულმა სინამდვილემ ცალსახად გამოკვეთა, რომ ეკლესიის მიმართ ხალხს გაუჩნდა გადაჭარბებული მოლოდინები, ანუ მოლოდინი, რომელიც ეკლესიის სულიერ და სოციალურ მისიას სცდებოდა; შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საბჭოთა სისტემის ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი საზოგადოების სურვილი ცხოვრების გაჯანსაღებისა და სტაბილურობის მიღწევისა. ხალხმა თავისი იმედი და მოლოდინი დაუკავშირა ღმერთს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის პიროვნული ე.წ. „რეიტინგი“ ეკლესიისადმი ნდობის ვარდნის პირობებშიც კი, სტაბილურად მაღალი რჩებოდა და ასეა დღესაც” – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მღვდელმთავარის თქმით, კვლევაში საგანგებო ყურადღებას მიაქცევდა არა ეკლესიისადმი ნდობის კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელს, არამედ – ნდობის კლების ტენდენციას.

მისი აზრით, საზოგადოება ნელა, მაგრამ მაინც, გამოდის პოსტსაბჭოური მდგომარეობიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ეიფორიული მდგომარეობიდან, მეორე მხრივ, მიღებული გლობალური მასშტაბის სტრესებიდან გამოფხიზლების პროცესი. “ამ პირობებში, საზოგადოების ნაწილი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მისი მოლოდინები ეკლესიის მიმართ იყო გადაჭარბებული, ნაწილი კი თვლის, რომ ეკლესიამ იმედები გაუცრუა და ორივე ნაწილის დამოკიდებულება ერთნაირად აისახება ეკლესიისადმი ნდობის კლების ტენდენციაში”.

მეუფის თქმით, რაც შეეხება საკითხის მეორე მხრიდან შეფასებას, როდესაც ადამიანი მედიასივრციდან თითქმის ყოველდღიურად ისმენს ეკლესიის (როგორც ინსტიტუციის) შესახებ სხვადასხვა (თუნდაც ნეგატიურ )ინფორმაციებს, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, იგი ცდილობს გაერკვეს იმაში, თუ რა ხდება, იწყებს ფიქრს, აზროვნებას და ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ იბადება კრიტიკული აზროვნება, რაც ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

ამ ტიპის სოციოლოგიურ კვლევებს, ჩვენ გონიერი და ანალიტიკური თვალით უნდა შევხედოთ და არა ემოციურად. ისე კი, უნდა ითქვას,რომ მსგავს კვლევებს პერიოდულად ჩვენ თვითონ უნდა ვატარებდეთ, რათა ჩვენი საზოგადოების მაჯისცემას ვგრძნობდეთ და ვასწორებდეთ შეცდომებს, რისგანაც არავინ არის დაზღვეული” – აცხადებს მღვდელმთავარი.