რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახური თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში იმსახურებსმაისი 15, 2018

რუსეთის ეკლესიის დეკანოზი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს. „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელმა განუცხადა, რომ რუსი მოძღვარი მსახურებისთვის თბილისში ორ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების შედეგად ჩამოდის.

„იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია. რუსულენოვანი მრევლისთვის კი ტაძარში ყოველთვის იყო რუსეთის ეკლესიისგან გამოგზავნილი სასულიერო პირი“, – განაცხადა მამა მიქაელმა. პატრიარქის მდივნის თქმით, სწორედ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმებით, მოსკოვის ქართული მრევლისთვის, საქართველოდან ასევე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გაიგზავნა, რომელიც უკვე ორი თვეა იქ მსახურობს.

რუსეთის საპატრიარქომ თავის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ 2018 წლის 14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილე I-ის განცხადება საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის გაგზავნის შესახებ.