დავით ბერძენიშვილი – პატრიარქმა სამარცხვინო განცხადება გააკეთამაისი 16, 2018

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული ე.წ. კონტრაქცია ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. ამის შესახებ ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“კონტრაქცია ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. მარშის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს პატრიარქმა და ეს იყო სამარცხვინო განცხადება. მე თავს უფლებას ვაძლევ ასე ვთქვა, ვინაიდან ეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა. იმ მომენტში, როცა რუსთაველზე შეიკრიბნენ კონტრაქციად წოდებული მარშისტები, იქ დადიოდნენ ადამიანები ტოტალიტარული, ნაცისტური ემბლემებით, მათ არაფერს ეუბნებოდა პოლიცია. ნიღბიანი ადამიანები იყვნენ და ამბობდნენ იმიტომ ვართ ნიღბებით, რომ სამუშაო გვაქვსო. არ გვინდა გვიცნონო. გვაჩვენეთ სად მუშაობენ, იქნებ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. გახარია ზუსტად იმ დროს მივიდა, როცა დესანტი იყო გადასხმული. ანუ საბოლოდ რა გამოდის, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და მხარი დაუჭირა კონტრაქციას, შს მინისტრი მივიდა მას მერე, რაც უკვე იქ იყო დესანტი და იმ წუთებში, როცა ის ბექა წიქარიშვილს ესაუბრებოდა, მოსწავლეთა სასახლის მხრიდან იყო მიწოლა და მცდელობა პარლამენტთან შესვლის. ეს მშვენივრად გამოიყენა შსს-მ წიქარიშვილის და სხვების დასაშანტაჟებლად“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.