მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს წმინდა 13 ასურელ მამას იხსენებსმაისი 19, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. როგორც „ინტერპრესნიუს“ საპატრიარქოდან აცნობეს, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო სადღესასწაულო წირვას სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 10:00 საათზე, დაიწყებს.

ეკლესია ხვალ წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად, აბიბოს ნეკრესელს, ანტონ მარტყოფელს, დავით გარეჯელს, ზენონ იყალთოელს, თადეოზ სტეფანწმინდელს (თათა მამებელისა), ისე წილკნელს, იოსებ ალავერდელს, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელს, მიქაელ ულუმბოელს, პიროს ბრეთელს, სტეფანე ხირსელსა და შიო მღვიმელს (VI-VII) იხსენებს.

წმინდა იოანე ზედაზნელი 12 ასურელ მამასთან ერთად, მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. წმინდა მამა მოწაფეებთან ერთად, ზედაზენზე დამკვიდრდა, სადაც ადრე ზედაზნის კერპი იყო. ასევე, ღვთისმშობლის გამოცხადებით, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფეებმა ზედაზენი დატოვეს და სამოღვაწეოდ საქართველოს სხვადასხვა ადგილი აირჩიეს.

ასევე აღინიშნება წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღე, რომელიც გარდამავალია და აღდგომიდან მე–7 კვირას აღინიშნება.