მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა: -“ჩემი მხრიდან მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ”მაისი 24, 2018

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა. ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

“ე.წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტმა კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს დედა ღვთისმშობელი, ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. აშკარაა, რომ უკვე აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიცაა საქართველო. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ჰყავთ და ვინც მათ შეეწინააღმდეგნენ მართლმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ უფრო უარესი ღვთისმშობლის შესახებ – დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი – ეს ადამიანი არ არის საპატიებელი. ის უნდა მოშორდეს არა მხოლოდ ჟურნალისტიკას, არამედ საქართველოს. ჩემი მხრიდან მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ის აღარ მოინანიებს, ის არის პირდაპირ ეშმაკის მსახური და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიით სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია. თითოეული თქვენგანი თუკი მოისმენს მის სიტყვებს მართლაც აღშფოთდებით და მართლაც შეიძლება გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. ეს არის ჭინკა, ეშმაკის მსახური, რომელიც ასე აბუჩად იგდებს ჩვენ სიწმინდეებს. ასეთი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო მძიმდება ცხოვრება, მით უფრო შეურაცხყოფენ ჩვენ სიწმინდეებს. ჩვენ რელიგიურ გრძნობებზე ცუდად მოქმედებენ. ჩვენც გვაქვს, რა თქმა უნდა, ანათემაზე გადაცემა, წყევლა, შეჩვენება. საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ მას მომავალი არ აქვს. ის სხვა ორიენტაციის ადამიანია, ის ვერც ოჯახს შექმნის და ვერაფერს ვერ გააკეთებს. ოჯახიც რომ შეექმნა, მისი მოდგმაც დაიწყევლებოდა მთლიანად, მაგრამ ეს წყევლა და შეჩვენება მასზეა პირდაპირ. მიკვირს ზოგიერთი სასულიერო პირის, რომ მივიდეს ამ ტელევიზიაში და ინტერვიუ მისცეს. როგორ შეიძლება მას გიორგი ერქვას. ის არის ეშმაკის მსახური, მიზანმიმართულად ეშმაკს ემსახურება და იმსახურებს წყევლას და რისხვას ეს ადამიანი. ასე რომ, ჩვენ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ძალიან დიდი შემოტევებია, მაგრამ ჩვენ სულიერი წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ. უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, რომ „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევიან“. ვერც გაბუნია და ვერც ის, ვინც ის ღვთისმშობლის ხატი დახატა, რას დააკლებენ ეკლესიას. ესენი არიან დაწყევლილი ხალხი, რომლებიც თავისი შეგნებით ეშმაკს ემსახურებიან.მათ შეუძლიათ გვაწყენინონ და გაგვაბრაზონ, მეტი არაფერი. თავიანთი თავის მტრები თითონ არიან და დავინახავთ როგორ წარიმართება მათი ცხოვრება.” – განაცხადა მიტროპოლიტმა.

DOGMA.GE