მეუფე შიო – “ეს ყველაფერი ხომ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? “მაისი 24, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო “რუსთავი 2”-ის ცნობილ გადაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დევნა, დაცინვა და აბუჩად აგდება ეკლესიას აი წლის წინ უკვე გამოვლილი აქვს და ახლა რა რეალობაც არის, ყველას კარგად მოეხსენება. ამის შესახებ მეუფემ კახეთში, ალავერდის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:

“დიდი ბრძოლებია ეკლესიის გარშემო, ადრეც იყო და ეხლაც არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო არ არის არც ჩვენი ეკლესია და არც ჩვენი ერი. ვევედრებით უფალს, რომ მოგვამდლოს დიდი ძალა, რომ შევძლოთ დათმობის გარეშე, უკომპრომისოდ დავამოწმოთ სიმართლე და ვემსახუროთ უფალს და ამასთან დაკავშირებით, მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხყოფა ჩვენი ერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზანი ამის. ალბათ, ამბიონიდან ამის განხილვის ადგილი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, ეს ჩვენ ერში არ უნდა ხდებოდეს. ვინც ამას ფიქრობს და გეგმავს, მან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ჩვენი ერი ამას არ იგუებს და მინდა მივმართო მათ, რომ ჩვენ, ვინც ცოტა უფროსი თაობის ვართ და მოვესწარით ბოლშევიკურ წყობას, იმ ხალხს მინდა გავახსენო, ვინც ამ ყველაფერსდ გეგმავს, რომ ჩვენმა ერმა ეს ყველაფერი უკვე გაიარა კომუნისტური პერიოდის დროს – დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ასეთი მკრეხელობებით და შეურაცხყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? – დავანგრიეთ ეკლესიები, დავღვარეთ ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით და ჩვენ ვეკითხებით მათ: – ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? ეს ყველაფერი ხელისგულზეა. სად არიან ახლა ის ადამიანები? – აი, კიდევ ერთი შეკითხვა. მათი სახელები ცნობილია. ის ლიდერები, ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა; მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის, ვისაც ისინი დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? – აქ ვართ. მიუხედავად იმ დევნისა, ეკლესია ცოცხალია იმიტომ, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, ისინი კი სად არიან, მოგეხსენებათ და შევახსენოთ ჩვენ დებსა და ძმებს, ვინც ამის უკან დგანან, იგივე ელით მათაც” – განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

DOGMA.GE