“ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში”მაისი 25, 2018

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, – ამის შესახებ პირველ არხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

საქმე ეხება საპატრიარქოს განცხადებას, სადაც მღვდელმთავრებს მოუწოდებენ, „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ.

„ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, სამი დღის წინ ბატონი ნიკა გვარამიასთვის ოფიციალური წერილით რომ არ მიგვემართა, სადაც ვთხოვდით, მიეღოთ ზომები, რათა სიცრუეზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, ვიდრე არ გადაამოწმებდნენ. ვგულისხმობ თემას, როდესაც მათ თქვეს, რომ ჩვენ თითქოსდა მსოფლიო პატრიარქის წერილი დავმალეთ. ეს წერილი გავუგზავნე ბატონ ნიკა გვარამიას, ვაჩვენე, რომ ეს წერილი არსებობდა და 2008 წელს ჩვენ გვქონდა დაბეჭდილი მსოფლიო პატრიარქის წერილის შინაარსი.

ამის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელისგან ისევ ვისმენთ, რომ ჩვენ წერილი დავმალეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელია. ველოდებოდით, რომ ტელევიზიის ადმინისტრაცია რეაგირებას იმავე დღეს მოახდენდა.

ტელევიზიის ხელმძღვანელს რატომღაც ჰგონია, რომ ეს წერილები იბეჭდება სადღაც სხვაგან. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ გუშინ ხუთჯერ წავუკითხეთ პატრიარქს ტექსტი, რომელიც უნდა გაგვევრცელებინა. ასე რომ ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში, ეს წერილი იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება მის უწმინდესობასთან“, – განუცხადა პირველ არხს მამა მიქაელ ბოტკოველმა.

1tv.ge